სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?
    მარიამი 16 წლის იყო, პირველად გინეკოლოგთან რომ მივიდა. ექიმმა არ გასინჯა და უთხრა, რომ არასრულწლოვანი კონსულტაციაზე მშობელთან ერთად უნდა მისულიყო. იმ დღის მერე კლინიკაში აღარ წასულა. სიმპტომები დაგუგლა, თავად დაისვა დიაგნოზი, შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა ფორუმზე იკითხა, ამ დიაგნოზით რა წამლებს სვამდნენ სხვა გოგოები და თავადაც ის მედიკამენტები იყიდა.



    პრობლემა დროებით მოუგვარდა, მაგრამ არ გამქრალა - მდგმარეობა პერიოდულად ისევ უმწვავდებოდა. დედასთან ერთად გინეკოლოგთან მისვლაზე არც უფიქრია, რადგან სახლში ისიც კი არ იცოდნენ, რომ შეყვარებული ჰყავდა. ზუსტად არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მშობლებს და სიმართლის თქმის შეეშინდა.



    ახლა, 21 წლის ასაკში, ფიქრობს, რომ ეს მისი მხრიდან კარგი გადაწყვეტილება არ ყოფილა. საუკეთესო შემთხვევაში, შეეძლო, დაავადებისთვის თავი აერიდებინა, ან, სულ მცირე - კომპეტენტური დახმარება მაინც მიეღო სპეციალისტისგან. ხვდება, რომ თავი დიდი რისკის ქვეშ დაიყენა, მაგრამ იმ დროს სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. მის გარშემო არ იყო არც ერთი ზრდასრული ადამიანი, ვისთვისაც სქესობრივ საკითხებზე შეკითხვების დასმას შეძლებდა. სამაგიეროდ, გადაწყვეტილი აქვს, თავისი მომავალი შვილებისთვის ასეთი ადამიანი თავად იყოს.



    მსოფლიოში მოზარდები სქესობრივი ჯანმრთელობის მრავალგვარ პრობლემას ეჩეხებიან: ადრეული ორსულობა და მშობლობა, კონტრაცეფციის საშუალებებთან და უსაფრთხო აბორტთან შეზღუდული წვდომა, HIV-ის მაღალი რისკი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ა.შ.



    სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული ფაქტორის გამო, ბევრ ქვეყანაში, მოზარდებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება შეზღუდულია, ჯანდაცვის მუშაკები კი ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ახალგაზრდებისთვის ასაკის შესაბამისი ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რომელიც ორიენტირებულია არა განსჯაზე, არამედ მხარდაჭერაზე.



    ამავეს მოწმობს სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების ეროვნული კვლევა, რომელიც წელს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით. კვლევის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში მოზარდთა კონფიდეციალობის დაცვის დაბალი ხარისხი მწვავე პრობლემად დგას.



    “ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, სამედიცინო მომსახურების გამწევი, ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობას, რაც არღვევს მოზარდის უფლებას კონფიდენციალობაზე და ხარისხიანი სერვისის მიღების მნიშვნელოვან დაბრკოლებებს წარმოშობს,” წერია კვლევაში.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ვიდეო სიახლიდან

კომენტარების ველი