27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

27-01-2020, 11:02

547 - ჯერ



დღეს, 27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდანს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.
გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი?.“ მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.
ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა.
წმინდა ნინო სოფელ ბოდბეში გარდაიცვალა. წმინდანი ბოდბეშია დაკრძალული. დღეს წმინდანის გარდაცვალების დღეა.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები