სამი განსაკუთრებული ადგილი საგარეჯოში

სამი განსაკუთრებული   ადგილი საგარეჯოში

15-10-2020, 22:02

517 - ჯერ

საგარეჯო კახეთში მდებარეობს. სახელწოდება მომდინარეობს დავითგარეჯას მონასტრის მამულის — საგარეჯოს ზოგადი სახელიდან. შაჰ აბასის მიერ განადგურებული საგარეჯოს აღმავლობა XVII საუკუნიდან დაიწყო, რადგან ხალხი ხელახლა დასახლდა ამ ტერიტორიაზე. XVIII საუკუნეში აქ ტაძრები აღადგინეს და ახალი ნაგებობები ააგეს, რაშიც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ღირს ონოფრე გარეჯელს, რომელიც საგარეჯოს ხელახლა აღმაშენებლად ითვლება. საგარეჯო გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დავით გარეჯი, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მისულა გარეჯის უდაბნოში და პატარა, ბუნებრივ მღვიმეში დასახლებულა. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დროთა განმავლობაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებულად განვითარდა XI-XIII საუკუნეებში. მონასტერში, სადაც თავდაპირველად წმიდა დავითი დასახლდა, ტერასიანი ეზო მოეწყო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. უდაბნოს ამ ულამაზეს მონასტერში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი და ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა ჩამოყალიბდა. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ჩიჩხიტურის მონასტერი. იგი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, წმინდა დავითის ლავრასა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს შორის ქედზე მდებარეობს. მთაზე კოშკია აღმართული, რომელიც გარეჯის უდაბნოს თითქმის ყველა მონასტრიდან ჩანს. კოშკის გარდა ჩიჩხიტურის მონასტერი მოიცავს სამ ქვაბულსა და მათ ცენტრში მოქცეულ მოხატულ ეკლესიასაც. მონასტრის მხატვრობა XII-საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ეკლესია სენაკებითაა შემოსაზღვრული. კლდის ჩამოშლის გამო ეკლესია სამხრეთიდან მთლიანად ღიაა. დღეს ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავოა.
ჩაილურის (ნიახურას) თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში უნდა აშენებულიყო. ციხე მთელი ივრის ხეობაში სტრატეგიულ შემოსასვლელს კეტავდა და მანავის ციხესთან ერთად თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. ძეგლს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ 1801 წელს მის მიდამოებში ბრძოლა გაიმართა, რომელიც ისტორიაში შესულია, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომი. ციხის კუთხეებში სათოფურებიანი კოშკებია განლაგებული. ციხე-სიმაგრის გალავანი ქონგურებიანია.ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ განსაკუთრებული ადგილებისა, რომელთა ნახვაც საგარეჯოში შეგიძლიათ.

მასალის ავტორი:მერი სამაკაშვილიскачать dle 10.3фильмы бесплатно

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები