3 განსაკუთრებული ადგილი სიღნაღში

3 განსაკუთრებული ადგილი სიღნაღში

26-10-2020, 16:24

2177 - ჯერ



სიღნაღის მუნიციპალიტეტი კახეთში მდებარეობს. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მას ქიზიყს უწოდებდნენ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ამ მხარემ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ეს ულამაზესი რაიონი გასაოცარი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით გამოირჩევა. აქ ბევრი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც უნდა მოინახულოთ. ერთ-ერთი ასე გამორჩეული ადგილია ქალაქი სიღნაღი, იგივე სიყვარულის ქალაქი. მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მისი ხუროთმოძღვრული სახე. ქალაქად XVIII საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა ერეკლე II-ის მიერ აგებული ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. ქალაქი თავდაცვითი მიზნებისთვის მაღალბორცვიან ადგილზეა გაშენებული და ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედებს გაჰყურებს, რაც ულამაზეს სანახაობას ქმნის. ქალაქის გალავანში კარიბჭეები იყო მოწყობილი, რათა სოფლის მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში შეხიზნულიყო. მისი მდებარეობის წყალობით, ძირითადად, ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქად ჩამოყალიბდა.
საქართველოს ეს ულამაზესი ქალაქი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია და ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს მასპინძლობს. 2007 წელს მას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. დღეს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. სიღნაღი თანდათან ევროპულ ქალაქად გარდაიქმნა - ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებით, ღია კაფეებით, წითელი კრამიტით გადახურული სახლებითა, სასტუმროებით, მუზეუმითა და თეატრით. სიყვარულის ქალაქი არაერთი ბედნიერი წყვილის სიყვარულის ისტორიის მოწმეა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბოდბის მონასტერი, რომელიც წმინდა ნინოს საპატივსაცემოდ IV ს-ის 30-იან წლებში აიგო მირიან მეფის ბრძანებით. წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა. მირიან მეფეს მისი გადასვენება მცხეთაში სურდა, მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დაძრა მისი სარეცელი ადგილიდან, ამიტომ წმ. ნინოს საფლავზე მეფემ ტაძარი ააშენებინა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადააკეთეს. აქ კახთა მეფეების კურთხევა ხდებოდა ხოლმე. ტაძარი 1823 წელს რუსმა მხატვრებმა მოხატეს. ამავე წელს აშენდა საეპისკოპოსო სასახლე. 1889 წელს ბოდბეში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით დედათა მონასტერი გაიხსნა. 1991 წელს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბეში საბჭოურ პერიოდში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება აღდგა. ამ დროიდან მონასტერი გაძლიერდა და თანდათან იბრუნებს ძველ სიძლიერეს.აქ მდიდარი ბიბლიოთეკა არსებობდა, რომელიც შემოწირულობით ივსებოდა. მონასტრის ერთ-ერთ უდიდესი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მას კომუნისტების დროს მონასტრის ადგილას გახსნილ საავადმოყოფოში, საოპერაციო მაგიდად იყენებდნენ. შემდგომ ღვთისმშობელი ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის პირვანდელ ადგილას გადასვენება უბრძანა. ერთმა ურწმუნო კაცმა ხატს დანით დაუსერა სახე, რისთვისაც დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაცვლილა.დღეს ამ ულამაზეს მონასტერს საკმაოდ დიდი მეურნეობა აქვს, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონაზვნები მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან. ადამიანები იკურნებიან.
სოფელ ტიბაანში ხირსის მონასტერი მდებარეობს. მონასტრის დაარსება საქართველოში VI საუკუნეში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი სტეფანეს სახელს უკავშირდება. IX-X საუკუნეების მიჯნაზე, კახეთის მეფე კვირიკე I-ის ბრძანებით ის გუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ.სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის ქართული სიტყვა ,,ღირსიდან’’ მომდინარედ მიაჩნია. ზოგი მას მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას უკავშირებს. ისიც შესაძლებელია, რომ მდინარეს სახელი მონასტრისგან მიეღო. სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ამ ადგილისთვის ეწოდებინა. ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი სასულიერო მოღვაწეები დაუღალავად შრომობდნენ დაღესტნელ ლეკებში ქრისტიანობის შესატანად.1811 წელს, ქართული ავტოკეფალური ეკლესის გაუქმების შემდეგ, ხირსის სავანე ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც ღვთისმსახურება აღესრულებოდა. ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ძველი ქართული ჩვეულება. აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს სწირავდნენ თავის ფიზიკურ შრომას. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი უსასყიდლოდ მუშაობდნენ მონასტერში. ასეთ მუშებს “კურატი” ერქვათ.
ხირსის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: მთავარი ტაძარი, გალავანი და გვიან პერიოდში აგებული სკოლა, მარანი და საცხოვრებელი ნაგებობა. იგი თავიდან დარბაზული ეკლესია ყოფილა და მომდევნო პერიოდებში მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ღირსი სტეფანეს წმინდა ნაწილებია დასვენებული. ხირსის მონასტრის მთვარი სიწმინდე იყო წმ. პირველმოწამე სტეფანეს ხელის ნეკი. გადმოცემით ეს სიწმინდე აქ მონასტრის დამაარსებელმა - ღირსმა სტეფანემ ჩამოაბრძანა. დღეისათვის ეს სიწმინდე ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული. საბჭოთა წყობის დროს წმინდა სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. 1990-იანი წლების ბოლოს განახლდა მონასტერი და ჩაუტარდა სარემონტო სამუშოები. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ საინტერესო და ლამაზი ადგილებისა, რომელიც სიღნაღში უნდა ნახოთ.
მასალის ავტორი: მერი სამაკაშვილი

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები