სამი განსაკუთრებული ადგილი ახმეტაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

სამი განსაკუთრებული ადგილი ახმეტაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

3-11-2020, 12:11

958 - ჯერ



ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება. ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნიდან იხსენიება. მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ საოცარი ხედები, ვრცელი ველები, შთამბეჭდავი მთები, ჩანჩქერები, ლურჯი ალპური ტბები, სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობა, ალავერდის ტაძარი, რომლის სიმაღლე გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება, ახმეტაში მდებარეობს. იგი VI საუკუნეში ერთ-ერთ ასურელ მამას, იოსებ ალავერდელს დაუარსებია. თქმულების მიხედვით, ალავერდის ჭალაში ერთი წმიდა ბერი, იოსებ ალავერდელი ცხოვრობდა. ამდროს ცხრაკარაში (წოვა და ჩაღმა-თუშების საზღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს. სანადიროდ წასულმა ნაღარა-ხანმა მიმინო გაუშვა, რომელიც ერთ ხოხობს გაეკიდა. ხოხობმა ბერის კალთას შეაფარა თავი. მიმინო შემოჯდა ხეზე და თავის მსხვერპლს ლოდინი დაუწყო. ნაღარა-ხანი ბერთან მივიდა და რადგან მან ხოხობი შეიფარა მის მოსაკლავად ხმალი იშიშვლა, მაგრამ მომარჯვებული ხელი გაუშეშდა. ხანმა რომ ეს სასწაული დაინახა, ბერს შეევედრა, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ, მოგცემო. ბერმა ლოცვის ძალით განკურნა ხანი და სამაგიეროდ ერთი ფიცრის ეკლესიის აშენება სთხოვა. ხანმა შეუსრულა ბერს ეს თხოვნა. ასე აშენდა ალავერდში წმიდა გიორგის სახელზე ეკლესია.XI საუკუნის დასაწყისში კახთა მეფე კვირიკემ ალავერდის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას საკათედრო ტაძარი ააგო. ტაძარი ამავე საუკუნიდანვე კახეთის მეფეთა საძვალეა. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), სხვადასხვა დროის ნაგებობებია გაერთიანებული: ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო. თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. 28 სექტემბერს აღინიშნება უძველესი დღესასწაული, ალავერდობა.ახმეტაში კვეტერას, იგივე კვეტარის ისტორიული ციხექალაქის ნახვა შეგიძლიათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, იგი ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ციხე ქალაქი კახეთის სამთავროს, შემდეგ კი სამეფოს ერთ-ერთი ცენტრი იყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო XI საუკუნეში. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვეტერის საერისთავო იყო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა ამ ციხე-ქალაქის აღება ვერ შეძლო. აქ საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან მოისპო და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება. კვეტერას ციხე-ქალაქი ორი ნაწილისაგან შედგება: შიდა ციხისგან და ქვედა ციხისგან. შიდა ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია გუმბათოვანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების მცირე ნაგებობები. 1968 წელს აქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რის შედეგადაც დარბაზული ეკლესიის ნაშთი, შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს. დღეს კვეტერას ციხე ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა არა მხოლოდ სიამაყით, არამედ წარუშლელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. ამავედროს, შეგიძლიათ ულამაზესი ხედების ხილვით დატკბეთ.
ერთ-ერთი საინტერესო და ულამაზესი სალაშქრო მარშრუტია ორეთის ტბის ბილიკი. იგი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2650 მეტრზე მდებარეობს. ბილიკი 12-13 კილომეტრის სიგრძისაა. ამ გზის გავლა დაუვიწყარი თავგადასავალია მნახველთათვის. გზად ფიჭვნარი და შესანიშნავი ხედებია. შეგიძლიათ მოცვი და მინდვრის მარწყვიც დააგემოვნოთ. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება შველი, ნიამორი, დათვი, მგელი და ფოცხვერიც შენიშნოთ. ხოლო როცა ტბასთან ახვალთ, მიმდებარე ფერდობებიდან თუშეთის საოცარი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ - კესელოს ციხე, რამდენიმე სოფელი, მწვერვალი თებულო და ღრუბლებში გახვეული მყინვარები. ტბა წვრილი ნაკადულებით იკვებება. წყალი ძირიდან გადის და რადგან ძალიან ცივი და ღრმაა გასასვლელის ზუსტი ადგილი უცნობია. იგი ზამთარში იყინება, ამიტომ აქ თევზი არ არის.ორეთის ტბაზე ასვლა ცხენითაც შეგიძლიათ. მის მოსანახულებლად ყველაზე კარგი პერიოდი გაზაფხულია.ახმეტაში კიდევ მრავალი ლამაზი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
მასალის ავტორი: მერი სამაკაშვილი

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები