93 წლის ასაკში სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

24-11-2022, 10:32

185 - ჯერ



93 წლის ასაკში სახალხო არტისტი, თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა. 1949-1967 წლებში თამარ სხირტლაძე მარჯანიშვილის თეატრის, 1967-1975 წლებში კი რუსთავის თეატრის მსახიობი იყო.
აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თეატრალური როლები: ფოსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები"), მაყვალა (მ. ბარათაშვილის „მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის „უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს „პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაციუ"), დედა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა") და სხვ. თამარ სხირტლაძემ ბევრი სახასიათო პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „წინაპართა მიწა" (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა" (1984), „ფესვები" (1987), „ზვარაკი" (1990), „ლუკას სახარება" (1998), „ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი"(მართა, 2009), „გული+" (2011), "37-" (2012) და სხვ.
თამარ სხირტლაძეს მიღებული აქვს არაერთი პრემია და ჯილდო: „ხელოვნების ქურუმი“, „საქართველოს სახალხო არტისტი“, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სსრ „ხუთწლედის მატიანის" პრემია კინოფილმში „დღეს ღამე უთენებია" მთავარი როლის შესრულებისთვის, ასევე, ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ გაიხსნა თამარ სხირტლაძის სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა საიუბილეო ალბომი „თამარ სხირტლაძე" (2014, ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), 2019 წელს მიენიჭა „წლის პერსონის" წოდება; ასევე, იმავე წელს, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდო" მიიღო.

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები