3 უმშვენიერესი ადგილი დედოფლისწყაროში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

3 უმშვენიერესი  ადგილი დედოფლისწყაროში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

13-10-2020, 00:58

1439 - ჯერ



დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთში მდებარეობს. რეგიონის ეს ნაწილი მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიუხვით გამოირჩევა. აქ ბევრი თვალწარმტაცი და განსაკუთრებული ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
ერთ-ერთ ასეთი ტახტითეფას ტალახის ვულკანებია, რომელიც არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. ტალახოვანი ვულკანი მნახველებს საოცარ სანახაობას სთავაზობს. ვულკანი მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.
მეორე კულტური ძეგლი,რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, ხორნაბუჯია, შუა საუკუნეების ულამაზესი ციხე-ქალაქი. ხორნაბუჯის ციხეს, XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი ეწოდება. ხორნაბუჯი ძველ ირანულად „მზის საყრდენს“ ნიშნავს. ციხის ნანგრევებთან მისვლა ტყის ვიწრო ბილიკის გავლითაა შესაძლებელი, რაც ერთგვარი თავგადასავალია მნახველთათვის. ციხე-ქალაქის სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე მდებარეობა ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს. ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ალაზნის ველზე. არქეოლოგიური გამოკვლევები მოწმობს ამ ადგილას დასახლების არსებობას ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, ძვ.წ. IV-III სს-ში. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა.V საუკუნეში ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა სპარსთა შემოსევების შედეგად. XII ს-ში, თამარ მეფის დროს, ქალაქი კვლავ აყვავდა. სწორედ ამიტომ ციხეს დღესაც თამარის ციხეს უწოდებენ. ბერქა ყაენის დამანგრეველი შემოსევის შემდეგ, XIII ს-ში, აქ ქალაქური ცხოვრება მოიშალა და აღარც განახლებულა.
მესამე, რის მონახულებასაც გირჩევდით, ელიას მონასტერია. იგი ორმწვერვალიან კირქვის მთაზე დგას. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარია. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ ის ჯერ კიდევ VI საუკუნეში არსებობდა. დღეს ტაძარში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ აღევლინება. ელიას მთა იდუმალებითაა მოცული, რადგან აქ გვირაბი შედის და იქიდან სხვადასხვა მხარეს გადის. როგორც ამბობენ, ამ გვირაბიდან გზა რამდენიმე მხარეს გადიოდა, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ერთი, ხორნაბუჯში გამავალი ბოლო. ახლა ეს გვირაბი ჩამონგრეულია და მხოლოდ შესასვლელია დარჩენილი. 2 აგვისტოს აღინიშნება წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღე. ეს განსაკუთრებული დღეობაა. მორწმუნეები ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას. თავად ტაძრისკენ კი მთელი დღის განმავლობაში მიედინება და ჩამოედინება ხალხის ნაკადი.ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ განსაკუთრებული ადგილებისა, რომელთა ნახვაც დედოფლისწყაროშია შესაძლებელი.

მასალის ავტორი:მერი სამაკაშვილი

კომენტარების ველი

პოპულარული სიახლეები ყველას ნახვა

გადაცემები